ღონისძიება "ფიროსმანი და ღვინო"
19 ივლისს ბუდაპეშტში მოქმედ ფრანგულ ინსტიტუტში საელჩოს ორგანიზებით გაიმართა გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი ღონისძიება “Pirosmani and Wine.”
საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა ღონისძიების სტუმრებს გააცნო ნიკო ფიროსმანის შემოქმედება და მისი ნამუშევრის “მარგარიტას“ შექმნასთან დაკავშირებული ისტორია, რის შემდეგაც, სტუმრებს მიეცათ საშუალება ინსტრუქტორის მარისია ანანიევსკას დახმარებითა და ქართული ღვინის თანხლებით, შეექმნათ აღნიშნული ნამუშევრის საკუთარი რეპროდუქცია.
საუკეთესო რეპროდუქციისათვის ბულგარეთის ელჩს უნგრეთში ხრისტო პოლენდაკოვსა და მატიაშ კორვინუსის კოლეჯის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნოემი პალფალვის, ჯილდოდ ქართული ღვინო გადაეცათ.
ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული მხატვრობისა და ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ხელოვნების თერაპიის ელემენტებს შეიცავდა.
ღონისძიებას დაესწრნენ უნგრეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები.