საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგრანტო პროგრამების - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და „უცხოეთში მოქმედი მქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ - განაცხადების წარმოდგენის ვადას ახანგრძლივებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამების ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება.

გადაწყვეტილება საგრანტო პროგრამებისადმი მაღალი ინტერესის და საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა თხოვნის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

აღნიშნული პროგრამების მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული წარმოების პოპულარიზაცია, აგრეთვე, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა; პროგრამების ზემოაღნიშნული მიზნების საინფორმაციო მხარდაჭერა.