საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია

26-27 ოქტომბერს უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან - პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანთან და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან ლასლო კოვერთან.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში განიხილეს.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მზადაა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 

შეხვედრაზე აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მის უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. აქვე აღინიშნა უნგრეთის მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორჯერ არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა ამ მიმართულებით ახალი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. 

საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. იმედი გამოითქვა, რომ ევროპელი პარტნიორებისა და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების უფრო აქტიური ჩართულობით სრულად მოხდება შავი ზღვის მთელი პოტენციალის გამოყენება.  მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.    

ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდა სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.