საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში 2008 წლის სექტემბერში განთავსდა, რუსეთსა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად.
მისიის პრიორიტეტებია:
- ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, მათ შორის ჯარების გაყვანის პროცესის, თავისუფალი გადაადგილების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების მონიტორინგი;
- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ასპექტებზე დაკვირვება;
- ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა;
- საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.
მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიის ხელმძღვანელი არის კიასტუტის იანკაუსკასი (ლიტვა), რომელიც ამ პოსტზე 2014 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა.
მისიის ხელმძღვანელი იღებს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, სადაც ამცნობს მონაწილეებს ინფორმაციას საქართველოში არსებული მდგომარეობის თაობაზე. იგი ასევე მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შეხვედრებში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული რეგიონების ჩათვლით. თუმცა, რუსეთის ფედერაცია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, დღემდე არ აძლევს მისიას მისი დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე შესვლისა და იქ არსებული მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების უფლებას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.eumm.eu/ge/
პრეამბულა
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
კონფლიქტის ისტორია
ჟენევის მოლაპარაკებები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით
დევნილი მოსახლეობა
საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა
საერთაშორისო ჩართულობა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველკვარტალური ანგარიშები