Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, შანდორ პინტერთან, რომელიც უნგრეთის ზოგადი განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობს.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა შანდორ პინტერს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორივე ქვეყნის ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები დეტალურად განიხილეს.

გიორგი ამილახვარმა კოლეგას საქართველოში ზოგადი განათლების განვითარების კუთხის გადადგმული ნაბიჯები და  მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწყებული 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი გააცნო.

თავის მხრივ, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ამილახვარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით უნგრეთში არსებული საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა.

შანდრო პინტერმა მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას ორ ქვეყანას შორის, ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმდება.