ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან - უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან მარტა მატრაისთან, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან ლასლო პოშანთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ლორინც ნაჩასთან, უნგრეთის რეგიონალური განვითარების მინისტრთან ტიბორ ნავრაჩიჩთან, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილესთან ესტერ ვიტალიოშთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მიკლოშ ლენდიელთან.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის როლსა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მხარეები ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძემ შეხვედრები ასევე გამართა ბუდაპეშტის ლისტის სამუსიკო აკადემიის, უნგრეთის ფილარმონიისა და მუსიკის სახლის ხელმძღვანელობასთან.
უნგრულმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურის მნიშვნელობას მთლიანად ევროპისათვის.
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა და საელჩოს უფროსმა მრჩეველმა სანდრო ჭელიძემ.