ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია უნგრეთის სპორტის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი და კომიტეტის წევრი გიორგი თოთლაძე 27 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია უნგრეთის სპორტის სახელმწიფო მდივანს, ტუნდეს საბოს შეხვდა.

სახელმწიფო მდივანმა დელეგაციის წევრებს უნგრეთში სპორტის განვითარების დინამიკა გააცნო. მისი თქმით, 2011 წლიდან უნგრეთის ხელისუფლებამ ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. დარეგულირდა სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილის ყოველდღიური ჩატარების ვალდებულება; სხვადასხვა სპორტის სახედობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხები. 2011 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად ყველა ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს სპორტის რომელიმე სახეობას, საგადასახადო ვალდებულებაში სახელმწიფოს მხრიდან 75 %-მდე შეღავათს იღებს. ტუნდეს საბოს ინფორმაციით, სახელმწიფოსა და სპონსორებისგან სპორტში ჩადებული თანხა ყოველწლიურად 67 000 000 ევროს შეადგენს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობას, რომელიც სპორტის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, სპორტული ტურიზმის განვითარებას და სასწავლო - საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებას მოიცავს. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს უნგრეთში დაგეგმილია ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს ტურნირის დაწყებამდე, ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, ქართველი მოჭიდავეებისთვის უნგრეთში არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება შესთავაზა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ