ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიხეილ ჯანელიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

31.08.2017 ბუდაპეშტი, უნგრეთი - ​ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა უნგრეთი გახლავთ საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებში, როგორიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს უნგრეთის სახელმწიფოს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიებისთვის, რომლის მოცულობაც წელს გაიზარდა და უნგრეთში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება 80 ქართველ სტუდენტს მიეცა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ  განათლების სფეროში ახალი შესაძლებლობებისა და ორი ქვეყნის ახალგაზრდობას შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს ქვეყნებს შორის განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის მიმდინარე წლის აპრილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც თბილისს ასევე ესტუმრა უნგრეთის ბიზნეს-დელეგაცია. როგორც მხარეებმა აღნიშნეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს გაცნობის შედეგად უნგრული კომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით გაზრდილია. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს ქვეყნებს შორის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგ სხდომას თბილისში.შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და იმედი გამოითქვა, რომ 2017 წლის ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ადეკვატურად უპასუხებს საქართველოს მისწრაფებებს, ახალ იმპულსს შესძენს პარტნიორობას და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უნგრეთის აქტიური ჩართულობისთვის, ასევე ბუდაპეშტის მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის აქტიურად წამოწევისთვის.შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა უნგრეთის თავმჯდომარეობას და ვიშეგრადის ქვეყნებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები, რომელმაც უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო, საშუალებას აძლევს მხარეებს დასახონ სამომავლოდ ეფექტური თანამშრომლობის გზები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ