ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

2017 წლის 17 მარტს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო თბილისს  ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ ირაკლი კობახიძეს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე. მიხეილ ჯანელიძე მიესალმა უნგრული კომპანიების დაინტერესების ზრდას საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტებისადმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აპრილის თვეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომლის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი ბიზნესფორუმი, სადაც ქართველ ბიზნესმენებთან ერთად 50 მსხვილი უნგრული კომპანიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კვირიკაშვილმა და პიტერ სიიარტომ ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების აუცილებლობაზე და საინვესტიციო ურთიერთობების მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე. კმაყოფილებით აღინიშნა ტურიზმის კუთხით არსებული დინამიკა, რასაც, მხარეთა შეფასებით, ხელს უწყობს უნგრული ავიაკომპანია "ვიზიარის" დაბალბიუჯეტიანი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება. მისი განცხადებით, საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და განაგრძობს ნატოს მიმართულებით სვლას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პიტერ სიიარტოსთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების შესახებ გაამახვილა ყურადღება, დაგმო აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დამატებითი შეიარაღების შეტანა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანებასთან დაკავშირებით ე.წ. ხელშეკრულება.


გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას ისაუბრეს ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების უფრო ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ოკუპაციის და მსგავსი უსამართლობის შემთხვევები ერთობლივი მუშაობით ეფექტიანად დაიძლიოს. საქართველოს პრეზიდენტმა უნგრულ მხარეს მადლობა გადაუხადა ასევე უნგრეთის იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც ამ ქვეყანამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეიტანა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხს, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ეკონომიკურ-სავაჭრო, კულტურულ და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზალიბერალიზაცისათან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლას გაცილებით ადრე იმსახურებდა. როგორც პიტერ სიიარტომ შეხვედრისას აღნიშნა, ის მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას. მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს წვლილის გამო მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში უნგრეთისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ტურიზმისა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობაზეც. საუბარი, ასევე, შეეხო თანამშრომლობას განათლების სფეროში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებას გეგმავს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიმართ მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

 

 
Minister of Foreign Affairs and Trade of Hungary visits Georgia (17.03.2017)
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ