ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით

7.02.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით.

რუსეთის საოკუპაციო ძალამ განიზრახა საქართველოს ძირძველ რეგიონს უწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“, „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას“ ანალოგიურად,  რათა მოამზადოს საფუძველი ოკუპირებული რეგიონის უკანონო ანექსიისთვის. რუსეთის ფედერაციამ  ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენციის შემდეგ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევით, აღიარა ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც ეწევა ოკუპირებული ტერიტორიის ფაქტობრივ ანექსიას.  საქართველოს ოკუპირებული რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭებით მოსკოვი იწყებს დარჩენილი ინსტრუმენტების ამოქმედებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება იმ პირობებში, როდესაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია მკვიდრი ქართველი მოსახლეობა და ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, არის უკანონო და, გამოკითხვის შედეგების მიუხედავად, ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს. აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის მორიგ აქტს, რომელიც სრულად უგულებელყოფს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიზნად ისახავს დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის ნგრევას.

 საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიჩინოს პრინციპულობა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიმართ, მიიღოს სათანადო ზომები, რათა არ დაუშვას საქართველოს ცხინვალის რეგიონში ვითარების ესკალაცია, და ყველა ღონე იხმაროს ევროპაში უკანონო ანექსიის კიდევ ერთი მაგალითის გამეორების შესაჩერებლად. 

მივმართავთ ასევე რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ