საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი მოხსენებით წარსდგა ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე

2019 წლის 15 ნოემბერს  საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე მთავარ მომხსენებლად გამოვიდა ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „Security and Sovereignty in the 21st Century,” რომელიც ჩატარდა ბუდაპეშტში მოქმედი კულტურულ ურთიერთობათა პოლიტიკის ინსტიტუტისა და იანოშ კოდოლანის სახელობის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით.

კონფერენციაში მომხსენებლებად ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთში აკრედიტებული ესტონეთის ელჩი კ. კარელსონი, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და უფროსი სამთავრობო მრჩეველი (Senior Government Counsellor) ლ. ხორვატი და კოდოლანის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გ. ჰ. საბო. 

საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ისაუბრა საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმaრთვასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების იზოლაციაზე, ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ქართული მოსახლეობის ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ურთულეს მდგომარეობას და აღნიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების აღდგენისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობა.  

საქართველოს ელჩმა  ასევე ისაუბრა ევროკავშირთან და ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ექსპერტები ანალიტიკური ცენტრებიდან და  სტუდენტები.