საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი მონტენეგროში

2019 წლის 8-10 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად  ოფიციალური ვიზიტით ეწვია მონტენეგროს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა  მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტთან ივან ბრაიოვიჩთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან მილო ჯიუკანოვიჩთან და მონტენეგროს ვიცე პრემიერ მინისტრთან მილუტინ სიმოვიჩთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავება. საუბარი შეეხო ორ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მონტენეგროს მხარეს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი გააცნო და აღნიშნა, რომ პარლამენტის როლის გაძლიერება მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყანაში სტაბილურობისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში წარმატებების მისაღწევად.

შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ხაზგასმით აღინიშნა ამ პროცესში მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.მონტენეგროს მხარემ კვლავ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა.

ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა მონტენეგროს მხარეს  გულთბილი მიღებისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მადლიერება გამოხატა მონტენეგროს შეიარაღებული ძალებისადმი, მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში აქტიური მონაწილეობისათვის.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და მისმა მონტენეგროელმა კოლეგამ ივან ბრაიოვიჩმა . ბარში საქართველოს საპატიო საკონსულო გახსნეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მოინახულა და გვირგვინით შეამკო პოდგორიცაში მებრძოლი პარტიზანების მემორიალი.

ვიზიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ და საელჩოს წარმომადგენლებმა.