საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

2019 წლის 4-6 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იანოშ ადერი ეწვია. 

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრეზიდენტმა შეხვდრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან.   

საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის პრეზიდენტს გააცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოგვარების კუთხით საერთაშორისო თანამეგობობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ადერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 14 უნგრელი წევრის მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო დიდად აფასებს მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი უნგრეთის მხარდაჭერას ყველა ფორმატით. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე  ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გააქტიურებას.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთის პრეზიდენტს გააცნო საქართველოში მიმდინარე საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმების არსი და მათი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის. 

მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და განიხილეს პრიორიტეტული მიმართულებები. 

პრეზიდენტმა ადერმა შეხვედრებზე კვლავ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, დასავლური მისწრაფებების მიმართ უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა. 

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ადერი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო. 

პრეზიდენტმა ადერმა ასევე შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) და ეწვია საოკუპაციო ხაზს. 

იანოშ ადერი უნგრეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.