საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებთან

2018 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრები გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში - საბოლჩ ტაკაჩთან , უნგრეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან - რიჩატდ ჰორჩიკთან და უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან - ჟოლტ ნემეტთან.

შეხვედრებს დაესწრო საელჩოს უფროსი მრჩეველი ბ-ნ ბაქარ მაკარიძე. 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს  შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და ქართულ-უნგრული საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე.

საქართველოს ელჩმა უნგრეთის მხარეს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და მიმდინარე ამოცანები. - ზაალ გოგსაძემ ასევე ისაუბრა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ქართული მხარის ახალი სამშვიდობო ინიციატივაზე და ხაზი გაუსვა ამ კონტექსტში უნგრეთის პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

უნგრეთის მხარემ კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართულებით.

უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებმა  საქართველოს ელჩს მიულოცეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვეს მომავალ საქმიანობაში.