საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს

2018 წლის 5 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ზაალ გოგსაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ იანოშ ადერს.

საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს ელჩსა და უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს  შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბ-ნ იანოშ ადერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისა და გულთბილი მიღებისათვის, თავის მხრივ, უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.

ცერემონიალი დასრულდა გმირთა მოედანზე, სადაც საქართველოს ელჩმა გვირგვინით შეამკო უნგრელ გმირთა მემორიალი.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალს წინ უსწრებდა საქართველოს ელჩის შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში, სადაც მან რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს ედინა პასტორს.

შეხვედრაზე, საპროტოკოლო საკითხების გარდა, საუბარი გაიმართა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.