საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამძიმარი მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის, ბუდაპეშტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლის ავტორის ბ-ნ მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო.
საქართველოს სახალხო მხატვარი მერაბ მერაბიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი იყო. შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, ის აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ამავე აკადემიის ხატვის კათედრის გამგე და მთავარი მრჩეველი. მერაბ მერაბიშვილის ცნობილი ნამუშევრებია: ა. გრიბოედოვის ძეგლი თბილისში, გენერალ პეტრე ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი თბილისში, ერეკლე II -ის ცხენოსანი ძეგლი თელავში, შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში, პოეტ ი. მოსაშვილის ძეგლი თბილისში და სხვა. მოქანდაკის ცნობილ კომპოზიციებს შორისაა: ,,სევდა“ და ,,პრომეთეოსი“. არის ავტორი არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის პორტრეტისა. მერაბ მერაბიშვილს 2002 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ამასთან, სხვადასხვა წლებში გახდა დიმიტროვის ოქროს მედლისა და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლის მფლობელი.
საქართველოს საელჩო სამძიმარს უცხადებს ბ-ნ მერაბ მერაბიშვილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.