საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხორვატიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

2021 წლის 3 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, გარი კაპელთან და დომაგოი ჰაიდუკოვიჩთან.

ხორვატიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისადმი.

ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი განვითარების კონტექსტში, აღინიშნა დედაქალაქებში საელჩოების ფუნქციონირების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის  თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის დადებით როლს ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების მნიშვნელობას, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის განვითარების პერსპექტივებს, „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმებსა და ამ პროცესში ხორვატიის მხარდაჭერას.

თეიმურაზ ჯანჯალიამ ხორვატ პარლამენტარებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და განვითარებებზე; ყურადღება გამახვილდა მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის მიერ  ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, ხორვატიის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

ხორვატმა პარლამენტარებმა გამოხატეს მზადყოფნა, ქართულ მხარეს გაუზიარონ გამოცდილება როგორც რეფორმირების პროცესში, ასევე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების საქმეში.