საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე!

ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს უნგრეთში.

ჩემი ქვეყანა, რომელიც ისტორიულად და კულტურულად ევროპის ნაწილია, 90-იან წლებში დაადგა დემოკრატიული ტრანსფორმაციის რთულ გზას და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან დაახლოებისათვის.

საქართველოსათვის, განვითარების ამ მეტად რთულ გზაზე, ევროპული ქვეყნების მიერ სხვადასხვა ეტაპზე მიღებული გამოცდილება ძალზედ მნიშველოვანია. უნგრეთმაც ხომ წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორიულ-პოლიტიკური გზა განვლო. მრავალი წლის მანძილზე არსებულ მძიმე რეჟიმს, ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის შეცვლა მოჰყვა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, უნგრეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე, რაც მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის დასტური იყო. ჩვენი ქვეყნისათვის ესოდენ რთულ პერიოდში, ქართველი ერის მიმართ თანადგომა გამოხატა უნგრეთის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, რასაც ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. უნგრელ ხალხს კარგად ახსოვს 1956 წელს ბუდაპეშტში მომხდარი მოვლენები და კარგად ესმით საქართველოში არსებული ვითარება.

საქართველო და უნგრეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზა არაერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოიცავს, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და ტურიზმისა სფეროებში.

ინტენსიურია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე - ორივე ქვეყნის პარლამენტში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები. საქართველოსა და უნგრეთს შორის აქტიურად ხორციელდება  მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები. უნგრეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს ავიაკომპანია “Wizz Air”, რომელიც არამხოლოდ რეგულარულ პირდაპირ ფრენებს ახორციელებს ბუდაპეშტიდან საქართველოს მიმართულებით, არამედ ბაზირებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

გლობალურმა პანდემიამ ნათლად წარმოაჩინა ქვეყნებს შორის ურთიერთდახმარების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია უნგრეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოსათვის გაწეული თანადგომა ვაქცინების ტრანსპორტირების პროცესში.

მომავალ წელს სრულდება 30 წელი, რაც საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობი დამყარდა, თუმცა, ჩვენს ერებს შორის კულტურული ურთიერთობა უფრო შორეული წარსულიდან იღებს სათავეს.

ამ კუთხით, ყველაზე გამორჩეულია უნგრელი ფერმწერის მიხაი ზიჩის საქართველოში მოღვაწეობა, რამაც რუსთაველი და ზიჩი ორ ხალხს შორის მეგობრობის სიმბოლოდ გადააქცია - ბუდაპეშტში აღმართულია შოთა რუსთაველის ძეგლი, რომელიც მისივე სახელობის მოედანზე მდებარეობს.  ბუდაპეშტს ასევე ამშვენებს თბილისის მოედანი.

განუზომელია უნგრელი ქართველოლოგების ლაიოშ ტარდის, მარტონ იშტვანოვიჩის, მარგიტ ბიროსა და ჰაინალკა ბაბირაკის წვლილი ქართულ-უნგრული ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისით.

უნგრეთი 2014 წლიდან ყოველწლიურად სთავაზობს 80 სტიპენდიას ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად. თავის მხრივ, ქართული მხარე უნგრელ სტუდენტებს სთავაზობს 10 სტიპენდიას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი თაობები საკუთარ წვლილს შეიტანენ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.  

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება  ხორვატიის რესპუბლიკასთან და მონტენეგროსთან, რისთვისაც უკვე დავსახეთ გრძელვადიანი პროექტები ორმხრივი თანამშრომლობის სფეროში.

საელჩოს მთელი შემადგენლობა, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აკრედიტაციის  ქვეყებთან არსებული მეგობრული ურთიერთობების გამყარებასა და ურთიერსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.