საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვია

2018 წლის 26-27 მარტს მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.  ვიზიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა - ზაზა კანდელაკმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს მონტენეგროს თავადაცვის მინისტრმა პრედრაგ ბოშკოვიჩმა უმასპინძლა.

ლევან იზორიამ მონტენეგროელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები და ამ მხრივ მიღწეული შედეგები გააცნო. ნატოში ინტეგრაციაზე საუბრისას მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის შედეგად საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ნატოს სტანდარტების შესაბამისი გახდა.

მინისტრებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ნატოსა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი გაფართოებულ ფორმატშიც განაგრძეს.

მონტენეგროში ვიზიტი  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სრჯან დანმანოვიჩთან შეხვედრებით დაასრულა. მხარეებმა იმ გამოცდილებასა და პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მონტენეგრომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განვლო.

შეხვედრებზე ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს მთავარი საგარეო სტრატეგიული მიზნის - ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) გახდა. მისივე თქმით, საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, თავდაცვის კუთხით ინტენსიური რეფორმირების პროცესშია, რაც 5 სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება და ტერიტორიული თავდაცვის, შეკავებისა და მდგრადობის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მონტენეგრო, როგორც ნატოს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი მონტენეგროში.

ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.